მსოფლიოში 6000-მდე ენას ითვლიან. ამათგან დამწერლობა აქვს მხოლოდ რამდენიმე ასეულს; ანუ კულტურულ ენად იწოდება რამდენიმე ასეული ენა. მათ შორის არის ქართული ენაც!.. დამწერლობის მქონე რამდენიმე ასეული ენიდან უძველესი დამწერლობის მქონეა რამდენიმე ათეული ენა. მათ შორის არის ქართული ენაც!… მიუთითებენ, რომ მსოფლიოში დამწერლობის მქონე რამდენიმე ასეული ენისთვის გამოიყენება სხვადასხვა დამწერლობათა სისტემები და ანბანები; სულ – ორ ათეულამდე ერთეული. მათ შორის არის ქართული ანბანი!.. არის არაერთი ისეთი ანბანი, რომელსაც გამოიყენებენ რამდენიმე ენისთვის. მაგალითად, ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს იყენებს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, ამერიკასა და ავსტრალიაში, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა, აზიის ზოგიერთი ქვეყანა… ქართულ ანბანს გამოვიყენებთ მხოლოდ ქართველები (იყო დრო, როცა ქართულ ანბანს გამოიყენებედნენ აფხაზური ენისათვის). ამგვარად, ქართული ანბანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სრულყოფილი ანბანური სისტემა. უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, თარიღდება V საუკუნით. ბოლნისის სიონის ტაძრის (თბილისიდან 60-ოდე კილომეტრითაა დაშორებული) საამშენებლო წარწერას მეცნიერები ათარიღებენ 493-494 წლებით. XX საუკუნის 50-იან წლებამდე ეს წარწერა ითვლებოდა უძველესად. 1952-1953 წლებში იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოაჩინა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარწერით. ორი მათგანი თარიღდება V საუკუნის პირველი ნახევრით (428-432 წ.). ასე რომ, უძველესი წერილობითი ძეგლის თარიღმა ამ აღმოჩენით ექვსი ათეული წლით გადაიწია, 60 წლით გახანგრძლივდა დოკუმენტირებული ისტორია დამწერლობისა… უფრო მოგვიანებით, XX საუკუნის ბოლოს, ნეკრესის ნაქალაქარის (კახეთი, ყვარლის რაიონი) არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ლ. ჭილაშვილი) აღმოაჩინა ქართული წარწერები, რომლებიც წინარექრისტიანული ეპოქის ძეგლებად იქნა მიჩნეული, ე. ი. IV საუკუნემდელად. ეს სამუშაო ჰიპოთეზაა… თუ ამ აღმოჩენათა დინამიკას მივადევნებთ თვალს, შეიძლება იმედის თვალით შევხედოთ მომავალს: არ გამოირიცხება, აღმოჩენილი იქნეს უფრო ადრინდელი ძეგლებიც დამწერლობისა… ეს ვარაუდია. მეცნიერულად დადასტურებულად კი ითვლება ის, რომ V საუკუნეში ქართველებს დამწერლობა უკვე აქვთ!.. რეალური დოკუმენტირებული ისტორია ქართული მწიგნობრობისა სწორედ V საუკუნიდან იწყება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ დამწერლობა ქართველებს ჰქონდათ V საუკუნეზე გაცილებით ადრე. ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის ბერძნულ-რომაულ წყაროებში არაერთი ცნობა მოგვეპოვება იმის თაობაზე, რომ ქართველებს (კოლხებს) წინარექრისტიანულ ეპოქაში ჰქონდათ დამწერლობა. ასეთ ცნობებს იძლევიან პერგამონელი (II ს.), როდოსელი (IV ს.) და სხვა. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის – ლეონტი მროველის – ცნობას ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. ლ. მროველი ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის – ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) – შემოღებულად მიიჩნევს. ამ ცნობას მეცნიერები სერიოზულად განიხილავენ. ვარაუდობენ, XI საუკუნის ისტორიკოსი ეყრდნობა უფრო ადრინდელი მემატიანის ცნობას. ისტორიკოს რ. პატარიძის კვლევამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ფარნავაზის ეპოქაში ანბანის წარმოშობის თეორიას. ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა გასული საუკუნის ბოლოს ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაპოვარმა – დავითის სტელამ (ქვა-ჯვარმა), რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ფიქრობენ, რომ ქვა-ჯვარზე გამოსახული ქართული ანბანის ანალიზი ადასტურებს მის წარმოშობას ფარნავაზის ეპოქაში. თუმცა ეს ჰიპოთეზაა. არსებობს სხვა ჰიპოთეზაც. თუნდაც ასეთი: ქართული ანბანი ქრისტიანობის ეპოქაში შექმნილი ანბანია… მომავლის საქმეა ამ თვალსაზრისით ჭეშმარიტების გარკვევა. აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი ხდება ისიც, ქართული ანბანის შემოქმედს რომელი ანბანი (ანბანები) ჰქონდა ნიმუშად, როცა ქმნიდა ქართულ ანბანს. ფიქრობდნენ, რომ ქართული ანბანი მომდინარეობს ფინიკიურიდან, ან არამეულიდან… დღესდღეისობით უფრო მეტი ალბათობით მსჯელობენ ქართული ანბანის ბერძნულიდან მომდინარეობაზე… ქართულმა ანბანმა თავისი არსებობის მანძილზე სამი საფეხური განვლო: 1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი 2. ნუსხური 3. მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული – ნუსხურისა. ეს ცვლილებები განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ასომთავრულით (ანუ მრგვლოვანით) დაწერილ ხელნაწერებს XI ს-ის ჩათვლით ვხვდებით. ნუსხური სახეობის პირველი ნიმუშები IX ს-დან გვხვდება, ხოლო მხედრული X ს-ის ძეგლებში დასტურდება. ნუსხური სახეობა მხედრულის პარალელურად არსებობდა XIX საუკუნემდე. მხედრული სახეობა ქართული დამწერლობისა დღესაც გამოიყენება. სამივე სახის დამწერლობის (უფრო სწორად, დამწერლობის სამივე საფეხურის) მთავარი დამახასიათებელი ის არის, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-ნიშანი აქვს. ესაა დიდი ღირსება ქართული ანბანისა. |