ქართული ენის დიალექტები

ენა იცვლება დროსა და სივრცეში. პირველ შემთხვევაში ენის ისტორიასთან გვაქვს საქმე, მეორე შემთხვევაში – მის დიალექტურ ნაირსახეობებთან (არნ. ჩიქობავა).

დიალექტი არის ამა თუ იმ ენის მეტყველებრივი ნაირსახეობა, გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ თუ ასაკობრივ ჯგუფში. ამისდა მიხედვით, გვაქვს ტერიტორიული, ეთნიკური, სოციალური და პროფესიული დიალექტები.

დიალექტოლოგიური ანალიზის დროს, ჩვეულებრივ, განვიხილავთ ეთნიკურ-ტერიტორიულ დიალექტებს. სწორედ ეს ეთნიკურ-ტერიტორიული დიალექტები ხდება საფუძველი სალიტერატურო ენისა. ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის მანძილზე არაერთხელ მომხდარა საორიენტაციო (საყრდენი) დიალექტის შეცვლა. ვარაუდობენ, რომ ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ადრეულ საფეხურზე საორიენტაციო იყო სამხრეთ-აღმოსავლური დიალექტი („ხანმეტი“ დიალექტი); მომდევნო ეტაპზე – სამხრეთ-დასავლური დიალექტი („ჰაემეტი“ დიალექტი) (ა. შანიძე). არნ. ჩიქობავას აზრით, „ძველი ქართული სალიტერატურო ენა იქმნებოდა ისტორიული ქართლის მეტყველების საფუძველზე. ახალი ქართული სალიტერატურო ენა ქართლურის გარდა კახურსაც ემყარება“. თუმცა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალაქურ (თბილისურ) მეტყველებას (ბ. ჯორბენაძე).

თუ სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს ერთ ან რამდენიმე დიალექტს, მის განვითარება-გამდიდრებაში, საერთო სახის შექმნაში მეტ-ნაკლებად ყველა დიალექტი მონაწილეობს.

თანამედროვე ქართული ენა მდიდარია ეთნიკურ-ტერიტორიული დიალექტებით. შევნიშნავთ: დიალექტების გამოყოფა მეტნაკლებად პირობითია. არ არის იოლი ზოგჯერ მიჯნის დადება; ერთი და იგივე ნაირსახეობა სხვადასხვა ავტორთან შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნეს კვალიფიცირებული. მაგ.: ქვემოიმერული და ზემოიმერული ზოგჯერ დიალექტებად მოიაზრება (კ. კუბლაშვილი), ზოგჯერ იმერული დიალექტის კილოკავებად (ქ. ძოწენიძე და სხვ.).

დღესდღეობით ძირითადად საუბრობენ ქართული ენის თექვსმეტ დიალექტზე, რომელთა დაჯგუფებაც ხდება ძირითადად გეოგრაფიული პრინციპით, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ლინგვისტურ მონაცემებსაც:

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის დიალექტები – ქართლური, კახური და ისტორიულად კახურის განაყარი დიალექტები – ინგილოური (აზერბაიჯანში), ფერეიდნული (ირანში); აქვე მოიაზრებენ მესხურს (სამცხურ-ჯავახური).

აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტები: ხევსურული, ფშაური, თუშური, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული.

დასავლეთ საქართველოს დიალექტები: იმერული, ლეჩხუმური, რაჭული, გურული, აჭარული, იმერხეული (თურქეთში).

ბოლო პერიოდის კვლევების საფუძველზე თურქეთის ტერიტორიაზე დადასტურებულ ქართულ მეტყველებას რამდენიმე დიალექტად წარმოგვიდგენენ (შ. ფუტკარაძე, მ. ფაღავა), თუმცა ეს ჯერჯერობით სამუშაო ვარიანტებია…

მეტ-ნაკლებად ყველა დიალექტური მეტყველების შემთხვევაში ხდება შიდადიალექტური დიფერენციაცა კილოკავებად, თქმებად და ქცევებად.

ქართულ დიალექტოლოგიურ რუკაზე ცალკე გამოვყავით თიანური მეტყველება, მაგრამ სხვა დიალექტთა გვერდით ის არ შეიძლება ტოლფას დიალექტურ ერთეულად წარმოვიდგინოთ: თიანური მეტყველება არის კლასიკური მაგალითი დიალექტთა შერევისა: ამ შემთხვევაში ქართლ-კახური, ხევსურული, ფშაური და მთიულური დიალექტების მონაცემთა შერევასთან გვაქვს საქმე. დიალექტთა შერევის მაგალითების აღნუსხვას თუ შევეცდებით ქართულ დიალექტოლოგიურ რუკაზე, საკმაოდ რთული სურათი წარმოგვიდგება: XIX-XX საუკუნეებში ბუნებრივი თუ გარკევული მიზეზებით შეპირობებული მიგრაციების შედეგად შერეული ზონები წარმოიქმნა კახეთში (კახური, ხევსურული, მთიულურ-გუდამაყრული, ფშაური და იმერული დიალექტების მონაწილეობით), სამცხე-ჯავახეთში (სამცხური, ჯავახური, იმერული, აჭარული, მითულურ-გუდამაყრული) და სხვა…